
მეთოდის შესახებ
ტექსტის ავტორები – სეგის ხელმძღვანელები,
პროფესორები დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი

გეშტალტ თერაპია
გეშტალტ თერაპია თანამედროვე ფსიქო-კონსულტირების, ფსიქოთერაპიის მიმართულებაა. იგი ფართოდ გამოიყენება ინდივიდუალური, ოჯახის, წყვილების, ბავშვების, მოზარდების, ორგანიზაციებისა და ბიზნესის ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში.
გეშტალტ თერაპია გასცდა „ფსიქოლოგიური მკურნალობის“ საზღვრებს. იგი მიმართულია პიროვნული განვითარებისა და ზრდის პროცესზე. ამ მხრივ ის ფსიქოლოგიური მეცნიერების, მედიცინის, ფილოსოფიის მონაცემებს ემყარება. ამასთან, გეშტალტ თერაპია, გარკვეულწილად, ხელოვნების სფეროსაც განეკუთვნება, რადგან ფსიქოთერაპევტის შემოქმედებითი მიდგომა აუცილებელია კლიენტის წარმატებით დახმარებისთვის.
„გეშტალტი“ (Gestalt), ქართულად – მთლიანობა, გერმანული სიტყვაა. იგი ფართო მნიშვნელობით გამოიყენება (აღნიშნავს სრულყოფილ ფორმას- ინტეგრაციას). ფსიქოთერაპიასა და ფსიქო-კონსულტირებაში, ტერმინს „გეშტალტი“ პიროვნების გამთლიანების მნიშვნელობა ენიჭება.
მეთოდის საფუძველია ადამიანის მიმართ ჰოლისტიკური (მთლიანობითი) ხედვა. გეშტალტ თერაპია „ნაწილებად დაშლილი პიროვნების“ გამთლიანებას ისახავს მიზნად. იგი საკუთარ თავთან თუ გარემოსთან დაპირისპირების გადალახვაზე, ადამიანის ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური სფეროების ჰარმონიზაციაზეა მიმართული.
გეშტალტთერაპია უაღრესად ეფექტური, სწრაფმოქმედი მეთოდია. იგი ეხმარება ადამიანს კონფლიქტების გადაჭრაში, უცვლელი პრობლემური რეალობის მიმართ განწყობის შეცვლაში, ნევროზული სიმპტომების (შფოთვა, პანიკა, ფობია, დეპრესია, აკვიატება, რიტუალური მოქმედებები, დეპერსონალიზაცია – დერეალიზაციის განცდა, ძილის პრობლემები) დაძლევაში,
შინაგანი სისუსტის აღმოფხვრაში, პიროვნული რესურსების აქტივაციასა და მიზნების მიღწევაში.
გეშტალტ თერაპიის საშუალებით ადამიანი სწავლობს სტრესის მართვას, ემოციური დისკომფორტის გადალახვას, „კონტაქტის ტექნიკას“, წარმატებულ კომუნიკაციას, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების ტაქტიკას. გეშტალტ თერაპია ახდენს თვითრეგულაციის უნარის განვითარებას; ადამიანს გამოცდილებაში ეძლევა, თუ როგორ დაძლიოს შფოთვა, დისკომფორტი და შეუწყოს ხელი თავის ბედნიერების განცდას და ჰარმონიით ცხოვრებას.
გეშტალტ თერაპიის მეთოდოლოგიური საფუძვლები
ამ თანამედროვე ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობას საფუძველი XX საუკუნის 40-იან წლებში ჩაეყარა. მისი ფუძემდებელი ფრიდრიხ სოლომონ პერლსია (1893-1970), რომლის თეორიულმა ნაშრომებმა, ხოლო შემდგომში ძალზე პოპულარულმა ჯგუფების ფსიქოთერაპიულმა ტრენინგებმა, ახალ თერაპიულ მოდელს მისცა დასაბამი.
მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპია ორიგინალური მეთოდია, მის ჩამოყალიბებაზე მრავალმა მიმდინარეობამ იქონია ზეგავლენა. მათ შორისაა ფსიქოანალიზი. ფროიდის გარდა, მასზე დიდი გავლენა იქონია ვილჰელმ რაიხის შეხედულებებმა – სხეულზე ორიენტირებულმა კონცეფციამ, ე. წ. „წინააღმდეგობის თეორიამ”. განსაკუთრებით, ნევროზულ პროცესში სხეულის ჩართულობის და ზოგადად ბიოენერგეტიკის საკითხებმა.
პერლსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გეშტალტ ფსიქოლოგიამ, რომელიც ვერტჰაიმერის, კელერის, გოლდშტაინის, ლევინის ნაშრომებშია გადმოცემული. პიროვნების მთლიანობისა და ფიგურა-ფონის იდეა სწორედ ამ გერმანული ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციიდანაა შეთვისებული.
გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბება-განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ეგზისტენციალისტურმა ფსიქოლოგიამ. გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდი ეგზისტენციალური მიმდინარეობის მოდელს წარმოადგენს.
გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ძენ ბუდიზმმაც. ადამიანის ბუნების სრულყოფა-განვითარება, საკუთარი სუბსტანციის წვდომა და სამყაროსთან ჰარმონიზაციის იდეები- ძველი ინდურ-ჩინური მოძღვრებიდან მომდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპიამ ამდენი განსხვავებული მიმართულების გავლენა განიცადა, იგი მკაფიო ინდივიდუალობის, ერთ სისტემად შეკრული, ფსიქოთერაპიული მოდელია. გეშტალტ თერაპია დღესაც იცვლება, ვითარდება. დღევანდელი მიმდევრები მას თანამედროვე სახეს ანიჭებენ, გამოყენების ახალ ჰორიზონტებზე გაჰყავთ.
გეშტალტის ბუნება
პიროვნების თეორიისა და ფსიქოთერაპიული მოდელის არსს განსაზღვრავს ის, თუ როგორ ესმის მას ადამიანის ბუნება. იმის გამო, რომ გეშტალტ თერაპიაზე გავლენა მრავალმა მიმდინარეობამ იქონია, პიროვნების გაგების მისეული ხედვა განსხვავებულ მსოფლმხედველობათა ანარეკლია. ამის მიუხედავად, ის მაინც ორიგინალური, არაეკლექტიკური ფსიქოთერაპიული მიმდინარეობაა.
პერლსი ღიად აცხადებდა, რომ მას ნაკლებად აინტერესებს თეორიული შეხედულებები, მისი ყურადღება გადატანილია ადამიანის არსებობის უშუალოდ წვდომაზე და მოქმედის გამოცდილებაზე. მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც გეშტალტ თერაპევტი ადამიანის ქცევის გასარკვევად სვამს, არის: „როგორ?” და არა „რატომ?”, როგორც ეს ფსიქოანალიზშია. ამით ხაზგასმულია ადამიანის თავისუფლების ხარისხი, რომ პიროვნებას საკუთარ პოტენციალზე დაყრდნობით შეუძლია ცვლილების შეტანა რეალობაში.
გეშტალტ თერაპიის კონცეფცია ადამიანის ჰოლისტურ გაგებას ეყრდნობა. მისთვის მიუღებელია ადამიანის დანაწევრებითი შესწავლა როგორც გონების-ორგანიზმის, სულის-სხეულის, გრძნობა-აზროვნების, ნებელობა-მოქმედებისა და სხვა. ჰოლისტური მიდგომა უარყოფს როგორც დუალიზმს, ისე მთელისა და მისი ნაწილების მექანიკური ჯამის ტოლობას. სხეული, გონება და სული მთლიანი ორგანიზმის ასპექტებია.
გეშტალტფსიქოლოგებმა, თავის დროზე , აღწერეს მრავალი მაგალითი, რომელიც მთელისა და ნაწილის მიმართებას განსაზღვრავს. ფურცელზე ცალ-ცალკე წერტილები მხოლოდ წერტილებია, მაგრამ თუკი მათ გარკვეული თანმიმდევრობით განვალაგებთ, ისინი წრეს შექმნიან. ამ შემთხვევაში, წრე ახალი ფორმაა, წერტილთა ერთიანობის მახასიათებელია, რომელიც წერტილში, როგორც ნაწილში არ არსებობს. ანუ მთლიან წრეს აქვს ის, რაც მის შემადგენელ ნაწილებში არ არსებობს.
სასმელი, რომლის კომპონენტებიცაა ყავა, რძე და შაქარი, ხასიათდება გემოთი, რომელიც არც ცალკე ყავაშია, არც რძეში და არც შაქარში. ხოლო მათი სინთეზის შედეგად თვისებრივად ახალი რამ წარმოიქმნება, რომელიც არცერთი შემადგენელი ნაწილის გემოზე არ დაიყვანება. ამ პროდუქტების სინთეზით მიღებული გეშტალტი ახალი მთლიანობაა, რომელიც მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი, ან მათი გემოს მექანიკური ჯამი.
ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა დაუსრულებელი სიტუაციების, ანუ არასრული გეშტალტების უსასრულო რაოდენობა. როგორც კი ერთი სიტუაცია დასრულდება, მაშინვე ახალი სიტუაცია იჩენს თავს. ჯანსაღი ინდივიდი წარმატებით დაასრულებს თითოეულ სიტუაციას, დაასრულებს თითოეულ არასრულ გეშტალტს და ამ პროცესში პიროვნულ ზრდას განიცდის.
გეშტალტი, ფიგურა და ფონი
გეშტალტ თერაპია ხუთ ძირითად თეორიულ პოსტულატს აერთიანებს. ესენია: ფიგურისა და ფონის მიმართება, აწმყოს გაცნობიერება და მასზე კონცენტრირება, ურთიერთსაპირისპიროთა ერთიანობა, დაცვითი ფუნქციები, მომწიფება და პასუხისმგებლობა.
გეშტალტფსიქოლოგები, შეისწავლიდნენ რა აღქმის პროცესს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს პროცესი კანონზომიერადაა სტრუქტურირებული და რეგულირებული. კერძოდ, ადამიანის აღქმა ისეა ორგანიზებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სენსორული ინფორმაცია გარკვეული მიმართულებით იყრის თავს, რაც აღქმის ველში ფიგურას ქმნის, რომელიც გამოიყოფა დანარჩენი ველისგან, ე. წ. ფონისგან, რომელიც მეორე, უკანა პლანი ხდება.
გეშტალტ თერაპიის მიხედვით, ადამიანი მოქმედებს თვითრეგულაციის პრინციპით. აქტუალურ, მნიშვნელოვან მოთხოვნილებათა შესაბამისი საგნები, აღქმის ველში, ფიგურად იქცევიან. მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ამ საგნებს ფიგურის სტატუსი ეკარგება, ანუ ისინი ფონში ექცევა, ხოლო მათ ადგილს ახალი, აქტუალური მოთხოვნილების შესაბამისი ფიგურა იკავებს.
როგორც კი მოთხოვნილება დაკმაყოფილდება, გეშტალტი დასრულდება, ფიგურას მიმზიდველობა ეკარგება, ის ფონს უბრუნდება და ადგილს უთმობს ახალ ფიგურას. გეშტალტის ფორმირებისა და დასრულების რიტმი განსაზღვრავს ადამიანის ნორმალურ, ბუნებრივ ფუნქციონირებას, თვითრეგულაციას.
ასევე ყურადღებამისაქცევი მოვლენაა დაუმთავრებელი გეშტალტი, კერძოდ, დაუმთავრებელი საქმე. აღნიშნულ ფენომენზე საინტერესო გამოკვლევა აქვს ჩატარებული კურტ ლევინს. ამ ეფექტს, ლევინის მოწაფის პატივსაცემად, „ზეიგარნიკის ეფექტს“ უწოდებენ. ლევინის ექსპერიმენტებში ოფიციანტებს კარგად ახსოვდათ კლიენტის გადასახდელი თანხა მანამდე, სანამ ის ამ თანხას გადაიხდიდა, ხოლო გადახდის შემდეგ ვეღარ იხსენებდნენ გადასახდელი თანხის ოდენობას.
გეშტალტ თერაპიის ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანებს შინაარსები კარგად ახსოვთ, სანამ გეშტალტი დასრულდება, ხოლო დასრულების შემდეგ ადვილად ავიწყდებათ, რადგან მათთვის ახალი გეშტალტის შინაარსი გახდა აქტუალური და მნიშვნელოვანი. გეშტალტის დასრულება კი ნიშნავს სათანადო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.
არსებობს მრავალი ფაქტი, როდესაც აღნიშნული ეფექტი ადამიანებს გადაულახავ პრობლემებს უქმნის და საჭირო ხდება ფსიქოთერაპიული დახმარებაც კი. როდესაც მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია, ან ქცევა აკრძალვის გამო შუა გზაში შეწყვეტილია, ამის მიზეზი დაუმთავრებელი, პიროვნულად მნიშვნელოვანი, გეშტალტია.
ფონი ის მარაგი, ის ოკეანეა, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის ფიგურის ფორმირებას. გეშტალტთერაპევტი ხშირად პრობლემას აწყდება იმ მხრივ, რომ კლიენტი თავის ფონში არსებული მოთხოვნილების დასარეგულირებლად მნიშვნელოვანი შინაარსების უგულებელყოფას, განდევნას ახდენს. ამის გამო შეუძლებელი ხდება კონტაქტში შესვლა, ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების ფოკუსში მოქცევა.
ამ დროს გეშტალტთერაპევტის ამოცანაა, გააცოცხლოს თეთრ ლაქად ქცეული ფონის ნაწილი, ინდივიდის ცნობიერებას დაუბრუნოს მისი დაფარული, განდევნილი შინაარსი.
კონტაქტი
კონტაქტი გეშტალტ თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. გეშტალტ თერაპიას სხვანაირად კონტაქტზე ორიენტირებულ მიდგომადაც განიხილავენ, რომლის ამოცანაა ადამიანის უკონტაქტობის მდგომარეობის განსაზღვრა, დიაგნოზი იმ მიზნით, რომ კონტაქტი აღდგეს.
კონტაქტი – ესაა „მე“-სა და არა „მე“-ს შორის (რომელშიც იგულისხმება სხვა ადამიანი ან ობიექტი) მიმართება, რომლის დროსაც „მე“ იკმაყოფილებს მნიშვნელოვან, საჭირო, აქტუალურ მოთხოვნილებებს. შედეგად, „მე“ იზრდება კონტაქტით მიღებული შინაარსის ასიმილირებით.
პიროვნებათშორისი ურთიერთობის დონეზე რომ განვიხილოთ, ადამიანის ურთიერთობას მეორე ადამიანთან ორი უკიდურესობა ემუქრება. ერთია იზოლაცია, როდესაც ადამიანი კონტაქტს წყვეტს მეორესთან, განიზიდავს და ამის გამო ვერაფრის ასიმილირებას ვერ ახერხებს. ამის საპირისპირო უკიდურესობაა, როდესაც ერთი ადამიანი ერწყმის მეორეს. ამ შემთხვევაში ადამიანს ეკარგება თავისი საზღვრები.
ამ ორი მდგომარეობისგან განსხვავებით, როდესაც ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ თავს და სხვას, მის საზღვრებს, მაშინ ინდივიდს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მიიზიდოს ან განიზიდოს სხვა სუბიექტები, კონტაქტი დაამყაროს მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ ობიექტთან და მოახდინოს მისთვის საჭირო შინაარსების ასიმილაცია. ასე ხდება პიროვნული ზრდა კონტაქტის მეშვეობით.
სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, ბიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის ადამიანს ესაჭიროება ღრმა კონტაქტი როგორც გარე რეალობასთან, ისევე საკუთარ „მე“-სთან.
პიროვნული ზრდა, „მე“-ს საზღვრების გაფართოება – თავისუფლების მოპოვების პროცესია.
ფრიდრიხ სოლომონ პერლსის ბიოგრაფია
ფრიდრიხ სოლომონ პერლსი დაიბადა ბერლინში 1893 წელს. ფრიც პერლსის მოწოდება შემოქმედება და მეცნიერება იყო, ამას ეკავა ცენტრალური ადგილი მის ცხოვრებაში. ფრიცმა სამედიცინო განათლება გერმანიაში მიიღო და სადოქტორო დისერტაცია ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაიცვა.
1926 წელს პერლსი გახდა გამოჩენილი გეშტალტფსიქოლოგის, კურტ გოლდშტაინის ასისტენტი. ამავე დროს იგი ინტერესდება ფსიქოანალიზით. ამ პერიოდში პერლსი ფსიქოანალიზის წარმატებული პრაქტიკოსია.
1930-იან წლებში ევროპაში აპოკალიფსურ-კატასტროფული მოვლენები მოხდა. გერმანიაში ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ. ამ დროისთვის პერლსი დაოჯახდა, მისი მეუღლე მომავალში ცნობილი გეშტალტთერაპევტი ლორა პერლსია. პერლსი ოჯახთან ერთად ჯერ ჰოლანდიაში გადასახლდა. შემდეგ, 1934 წელს, სამხრეთ აფრიკაში გადასახლდა. იგი იოჰანესბურგში მეუღლესთან ერთად ფსიქოანალიტიკური პრაქტიკით იყო დაკავებული.
აქვე იწერება პერლსის ნაშრომი „ეგო, შიმშილი და აგრესია", რომელსაც პირველ გამოცემაში ეწოდებოდა 'ფროიდის თეორიისა და მეთოდის გადაფასება', ხოლო მეორე გამოცემაში მოინათლა, როგორც 'გეშტალტ თერაპიის შესავალი'.
1946 წელს პერლსი საცხოვრებლად და სამუშაოდ შეერთებულ შტატებში გადადის. ის მოღვაწეობს ნიუ-იორკში, ლოს-ანჟელესში, სან-ფრანცისკოში. პარალელურად მოგზაურობს იაპონიაში, სადაც ძენის სიბრძნეს ეუფლება. ამერიკაში იგი კომუნებში, საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც ჯგუფური თერაპიებით და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული პროცესებითაა დაკავებული.
1952 წელს ნიუ-იორკში აარსებს გეშტალტის ინსტიტუტს, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება.
პერლსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო ადგილსამყოფელი კანადის ვანკუვერის კუნძული, ბრიტანეთის კოლუმბიაში იყო, სადაც მან გეშტალტის საზოგადოება დააარსა. პერლსი იქვე გარდაიცვალა 1970 წელს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში.
